მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება მწვავდება. სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, მიუხედავად იმისა, გეოგრაფიულად საქართველოსთან ახლოსაა ისინი თუ მოშორებით, გავლენა აქვს ჩვენზეც. როდესაც პოლიტიკური სიტუაცია იძაბება, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავმყარდეთ ჩვენს ფესვებში და მოვიპოვოთ რესურსულობა - ასე შევძლებთ, სხვებს უფრო მობილიზებულად დავუდგეთ მხარში.
შეხვედრაზე ანა ანთაძესთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვთ წინაპრებს აქტუალურ პოლიტიკურ ვითარებაზე. ასევე განვიხილავთ, თუ როგორ მოვიპოვოთ წინაპრებისგან ის რესურსულობა, რაც დაგვეხმარება მყარად დგომაში.
რა სარგებლობა მოაქვს წინაპართა კურნებას?
თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.
ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას.
იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.