ონლაინ შეხვედრაზე ანა ანთაძე და ლითა ბოი ისაუბრებენ ნდობასა და მის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში. შეხვედრის დროს შევეხებით საკითხებს: რა არის ნდობა და რატომაა ის მნიშვნელოვანი? როგორ შეგვიძლია მეტი ნდობა გვქონდეს ცხოვრებაში? როგორ გავაძლიეროთ ნდობა? და რა როლს თამაშობენ წინაპრები ნდობის უნარის გამყარებაში? 



ხშირად, როდესაც ჩვენთვის აუთენტურ გზაზე ვდგავართ, ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე და გვიხმობს უცნობი რეალობისკენ. უცნობი ტერიტორიისკენ ნაბიჯის გადადგმა კი ჩვენგან  ნდობას მოითხოვს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ გავამყაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ნდობა. ამისათვის წინაპრები ძლიერ მხარდამჭერ როლს თამაშობენ და მათთან ჯანსაღი კავშირის ქონა გვეხმარება ცხოვრების მიმართ ნდობითი კავშირის დამყარებაში. 


წინაპრებთან კავშირის სარგებელი:

ჩვენს დროში არსებული ინდივიდუალური და კოლექტიური გამოწვევების  პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად მოვიპოვოთ რესურსები. 

ჯანსაღი წინაპრული ურთიერთობების აღდგენა გვეხმარება არა მხოლოდ საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან დავამყაროთ სასარგებლო ურთიერთობა, არამედ ცხადად გავარკვიოთ ჩვენი როლი და პოზიცია თანამედროვე სამყაროში.


რატომ წინაპრებთან დაკავშირება?

თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.

ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას.

იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.

ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში. ანას სჯერა, რომ სიბრძნე ყველგან არის თუ კი ჩვენ მასთან დავკავშირდებით. ანა მის წინაპრებთან და სხვა ბრძენ ძალებთან თანაშემოქმედებაში ქმნის გამომაჯანსაღებელ პროექტებს და შემოქმედებებს. 



ლითა ბოი

ლითა ბოი არის სამხრეთ აფრიკელი ტრადიციული მკურნალი, წინაპართა სიბრძნის მატარებელი და მთხრობელი. მისი საქმიანობა აერთიანებს უძველესი ცოდნის სისტემებს, თანამედროვე სოციალური ტრანსფორმაციის პრაქტიკებსა და სულიერ კურნებას. ლითას საქმიანობა ეფუძნება სამხრეთ აფრიკის ხოსა საგვარეულოს სწავლებებს და ატარებს მათ უბუნტუს ცეცხლს - გაგებას, რომლის მიხედვითაც „მე ვარ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ". მას უბუნტუს ცეცხლი შეაქვს გლობალურ საუბრებში წინაპრებთან კავშირებისა და ინდიგენური ხალხის ცოდნის სისტემების აღდგენის პროცესში. შეიტყვეთ მეტი ლითას შესახებ: www.lithabooi.com

სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს